воскресенье, 16 августа 2015 г.

ჯეს უილარდი

Jess Willard

მეექვსე ჩემპიონი, 1915-1919 წლები

ჯეს უილარდი 1881 წლის 29 დეკემბერს დაიბადა კანზასის შტატში, მაირონ და მარგარეტ უილარდების ოჯახში. იგი ოთხ ძმას შორის უმცროსი იყო. მამამისი მის დაბადებამდე ორი თვით ადრე, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა სამოქალაქო ომში მიღებული ჭრილობების გამო, დედა კი 1891 წელს გაუთხოვდა და მეორე ქმრად ვინმე სტალკერი შეარჩია, რომელსაც ასევე ჰყავდა ბავშვების მთელი ქარავანი.
ჯესი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა გოლიათური აღნაგობით (მისი ძმები საშუალო ტანისანი იყვნენ). მსოფლიოს მომავალ ჩემპიონს ბავშვობიდანვე მოუწია მძიმე სამუშაოების შესრულება მამინაცვლის რანჩოზე; აქვე ეწვია მას პირველი სიყვარულიც, უფრო სწორად ცხენებით გატაცება, მაგრამ თავისი ვეება გაბარიტებისა გამო თავიდანვე დაემშვიდობა ოცნებას კოვბოიობაზე.
1908 წლის 13 მარტს ჯესი უილიარდი დაქორწინდა და სამუშაოს ძიებაში თავის ცოლთან ერთად აშშ-ს თითქმის მთელი დასავლეთი ნაწილი მოიარა. ერთხელ მან ლამის პოლიციელად დაიწყო სამსახური ოკლაჰომას შტატში, მაგრამ აქაც ბედმა უმტყუნა და ამასობაში პირველი შვილიც შეეძინა, რომელსაც ჭამა უნდოდა და... ასე მოხვდა ჯესი უილიარდი კრივის რინგზე.
* * *
ორი წლის განმავლობაში უილარდი ცირკში და მიწისქვეშა კრივის კლუბებში მხოლოდ ფულზე ჩხუბობდა; ეს ყველაფერი მას ძალიან მობეზრდა და ერთ მშვენიერ დღეს მატარებლის საერთო კლასის ბილეთი იყიდა კანზასში დასაბრუნებლად, მაგრამ მას სადგურზე დაეწია ძალზედ ცნობილი მენეჯერი ტომ ჯონსი და დაითანხმა ჯესი, რომ დარჩენილიყო. იმ დღიდან ჯესი, ასე თუ ისე, შეუდგა პროფესიული რინგისათვის ვარჯიშს და მას კრივის ანაბანის შესწავლა მოუხდა, რადგან მანამდე ამის არაფერი გაეგებოდა.
ჯესი სიმაღლით ორი მეტრი იყო და 114 კილოგრამს იწონიდა; მას მეტსახელად "კანზასელ მუხას" ეძახდნენ, ამასთანავე იგი ძალზედ ფლეგმატური და ყველაფრისადმი გულგრილად განწყობილი პიროვნება იყო. იმ დროს "თეთრი ამერიკა" გამალებით დაეძებდა კანდიდატს ბუმბერაზ ჯეკ ჯონსონთან შესარკინებლად. ამ ძიებას სათავეში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, კანადელი ტომი ბერნსი ედგა, რომელსაც ჯერაც ვერ მოენელებინა ჯონსონთან დამარცხება. მან მოკრივეთა მთელი გუნდი შეკრიბა, რომელთა შორის შავკანიანი ჩემპიონის მომავალი მეტოქე უნდა შერჩეულიყო. ამ გუნდში იყო ჯეს უილარდიც. 
ჯესმა მალე დაიწყო პროფესიონალთა რინგზე გამოსვლა და შეხვედრას შეხვედრაზე იგებდა. ასე მაგალითად, 1912 წელს მან უმოწყალოდ გალახა არტურ პელკი, ამას კიდევ რამდენიმე მატჩის მოგება მოჰყვა, ვიდრე კალიფორნიის შტატის ქალაქ ვერნონში შედგებოდა საბედისწერო ბრძოლა უილიარდსა და კოვბოი იანგს შორის. ეს უკანასკნელი გამოუცდელი და ცუდად მომზადებული მოკრივე იყო და ერთ წამს, დაკარგა რა კონტროლი დაცვაზე, უილარდისაგან საშინელი ძალის დარტყმა მიიღო და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა ჰოსპიტალში. ამ ამბავმა იმდენად შეაძრწუნა ჯესი, რომ საკუთარ თავს შეჰფიცა, რომ აღარასოდეს გამოსულიყო რინგზე; ამასთანავე, მაშინდელი წესების შესაბამისად, კანზასელი გოლიათი სამი წლით იქნა დისკვალიფიცირებული. მაგრამ აქ თავი იჩინა ტომ ჯონსმა, რომელმაც გამოამჟღავნა მთელი თავის უნარი და შესაძლებლობა და უილარდი დაიყოლია კრივში დაბრუნებაზე. ჯონსმა სხვა პრობლემაც მოაგვარა და "კრივის მამები" დაითანხმა დისკვალიფიკაციის მოხსნაზე.
ჯონსს მშვენივრად ესმოდა, რომ ასაკში გადამდგარ ჯესს დიდი პერსპექტივა აღარ ჰქონდა და დაბრუნებისთანავე უილარდი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოკრივეს, ჯორჯ როდელს შეაჯახა. ბრძოლის დაწყების წინ როდელის მწვრთნელმა ვერაგული საქციელი ჩაიდინა, იგი მივიდა ჯესთან და უჩურჩულა: "როდელს გულის ავადმყოფობა სჭირს და ხომ გახსოვს, რაც დამართეო შენ იანგს..." გულუბრყვილო უილიარდმა დაიჯერა ეს და შეძრწუნებისაგან მუხლებიც კი აუკანკალდა და, რა თქმა უნდა, ისე წააგო მატჩი, რომ მეტოქისთვის ხელიც კი არ შებრუნებია. ალბათ, ყველაფერი ამით დამთავრდებოდა, მაგრამ როდელის მწვრთნელმა, იმის ნაცვლად, რომ ხმა გაეკმინდა, თავისი ჩაჩურჩულების ამბავი მეგაზეთეებს გაანდო, რითაც ჯესის იდიოტად წარმოჩენა და საკუთარ გონებამახვილობაზე წატრაბახება სურდა. ბებერი ჯესი საერთოდ ძნელად გამოდიოდა წონაწორობიდან, მაგრამ თუ გაცხარდებოდა, იგი აღარავის ინდობდა. ასე რომ, იმ მწვრთნელის უსინდისობამ ჯეს უილიარდი შურისმაძიებელ გიგანტად გადააქცია, როგორებსაც თანამედროვე "ბოევიკებში" თუ ნახავს კაცი. 
მალე დაიწყო მოლაპარაკებები მატჩ-რევანშის შესახებ, რაც კრივის მთელი სამყაროს მითქმა-მოთქმის და განსჯის საგანი გახდა. სიტუაცია კი იდეალური იყო, ანუ არსებობდა ვერაგობა, რასაც შურისძიების ჟინი უპირისპირდებოდა. ამასთანავე როდელი სამხრეთაფრიკელი ემიგრანტი იყო და თეთრი ამერიკელები წყურვილით კვდებოდნენ იმის მოლოდინში, თუ როგორ იზეიმებდა გამარჯვებას მათი ფავორიტი შავკანიან მოკრივეზე. ერთი სიტყვით, დიდი ჩოჩქოლი იყო ატეხილი, რასაც მსოფლიო ჩემპიონ ჯეკ ჯონსონის როყიოდ წამოსროლილი ფრაზაც ნავთივით გადაესხა ამ გაცეცხლებულ აჟიოტაჟს; ჯონსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უილარდ-როდელს შორის გამარჯვებულს იგი შეერკინებოდა. მართალია, ეს ფრაზა სერიოზულად არ იყო განცხადებული, მაგრამ მთელმა ამერიკამ მაინც ოფიციალურ გამოწვევად მიიღო.
უილარდ-როდელის ბრძოლა კი დიდხანს არ გაგრძელებულა, მე-6 რაუნდში ჯესმა მარჯვენა აპერკოტით ყველაფერი დაასრულა და სეკუნდანტებმა ისე გაათრიეს სამხრეთაფრიკელი რინგის კუთხისაკენ, რომ ათამდე დათვლაც არ უცლიათ რეფერისათვის. ასე გაიღო უილარდის წინაშე მსოფლიო ჩემპიონთან შერკინების კარი...
ორმა ვითარებამ შეუძლებელი შესაძლებლად აქცია. პირველი - თავდაჯერება და მეორე - ის უდარდელობა, რითაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი  ეპყრობოდა უილიარდს, როგორც მოკრივეს. ჯონსონი უილიარდს "ხორცის დიდ ნაჭერს" უწოდებდა და ყველას არწმუნებდა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე იოლი ორთაბრძოლა იქნებოდ: "მე ერთი რამ მევალება - ავიდე რინგზე და ერთი დარტყმით ძირს დავანარცხო ეს ტლანქი ხოჭო" - აცხადებდა ენამწარე ჯეკ ჯონსონი. თვით მატჩის წინაც არ შეუცვლია ჯონსონს თავისი ცხოვრების წესი და მზადებას ძალზედ გულგრილად ეპყრობოდა. უილარდის მენეჯერი კი ყველა ღონეს ხმარობდა, რათა ჯესი გაეღიზიანებინა, მას მოჰქონდა ყველა გაზეთი, სადაც ჯონსონის დამამცირებელი რეპლიკები ეწერა, მისი თანდასწრებით ზანგი ჩემპიონის მიმართ აღტაცებულ დითირამბებს არ იშურებდა და, ბოლოსდაბოლოს, ამით მართლაც რომ გამაოგნებელი ჟინი აღძრა ჩემპიონობის კანდიდატის სულიერ სამყაროში.
მატჩის დასაწყისი ჯონსონის უპირატესობით წარიმართა; პირველ ორ რაუნდში იგი მხნედ გამოიყურებოდა და არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ თავის საოცნებო ტიტულს არავის დაუთმობდა. ჯონსონი არ შემკრთალა არც იმის გამო, რომ მისი მოწინააღმდეგე ძალზედ ათლეტურად გამოიყურებოდა, მიუხედავად 108 კილოგრამი წონისა, მაშინ, როცა მისი 102 კილოგრამი მხოლოდ ჭარბ სიმსუქნეზე მეტყველებდა. ნამდვილმა სპეციალისტებმა კი უმალ შენიშნეს, რომ ჯონსონის დარტყმებში უკვე აღარ იგრძნობოდა ადრინდელი ძალა, თუმცა თავად ჩემპიონს წარმოდგენაც კი არ შეეძლო იმისა, რომ სულ მალე არხეინი და თავქეიფა ცხოვრება შედეგად ტიტულის დაკარგვას მოუტანდა. მესამე რაუნდში, როცა ჯონსონმა, მისი აზრით, მომაკვდინებელი დარტყმები მიაყენა უილარდს, გაირკვა, რომ ეს დარტყმები ჯესისთვის მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებები იყო და სხვა არაფერი. ასე რომ, თავად ჯონსონიც მიხვდა, რომ საქმე წაუხდა და თვალებში შიში ჩაუდგა. მისმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ უკარნახა, რომ მოცდა სჯობდა იმ ერთ დარტყმამდე, რომელიც ბრძოლას წამიერად მოაგებინებდა, მაგრამ ასეთი ტაქტიკა განაირობებდა უპირატესობის გადასვლას მოწინააღმდეგის ხელში და ასეც მოხდა - აშკარად გამოჩნდა უილარდის არაადამიანური ძალა, რასაც კრივის საკმაოდ კარგად ათვისებული საიდუმლოებანიც დამატებოდა. ჯონსონმა ერთი-ორჯერ სცადა სანოკაუტო დარტყმა განეხორციელებინა, მაგრამ "კანზასელი მუხა" იმდენად მყარად იდგა ფეხზე, რომ ოხუნჯ შავკანიან ჩემპიონს სხვა აღარაფერი დარჩენოდა გარდა დამარცხებასთან შეგუებისა. ჯონსონმა ერთ-ერთი შესვენებისას თავის სეკუნდანტს ისიც კი უბრძანა, რომ დარბაზიდან გაეყვანათ მისი ცოლი, რათა მთლად დასისხლიანებული და დაუძლურებული ქმრისათვის აღარ ეყურებინა. ცოლმა კი გასვლა არ ინება და საკუთარი თვალით უმზერდა იმას, თუ რა სისასტიკით სჯიდა პრეტენდენტი სიამაყედაკარგულ ჩემპიონს. 26-ე რაუნდში უილარდი მიხვდა, რომ ანგარისწორების დრო დადგა; იგი ერთხანს მანევრირებდა რინგზე და უკანასკნელი დარტყმისათვის შესაფერის ადგილს ეძება... ეს ადგილიც მოიძებნა და ჯონსონმა ნიკაპზე უძლიერესი დარტყმა იგრძნო... იგი რინგზე უგონოდ დაეცა! მას წამოდგომა არც კი უცდია, რადგან, როგორც მოგვიანებით განაცხადა - რომ წამომდგარიყო, უილარდი მას სასიკვდილო დარტყმას მიაყენებდა... 
* * *
მომდევნო წელს ჯესმა რამოდენიმეჯერ დაიცვა თავისი ტიტული არცთუ ძლიერ მოკრივეებთან ჭიდილში, 1919 წლის 4 ივლისს კი თავად მოხვდა ნოკაუტში პროფესიული რინგის ახალი ამომავალი ვარსკვლავის, 24 წლის ჯეკ დემპსის უძლიერესი დარტყმის შედეგად... 
* * * 
ჯეს უილარდი 1926 წლამდე განაგრძობდა რინგზე გამოსვლას, შემდეგ რამოდენიმე კინოფილმშიც გადაიღეს; მას ხუთი შვილი ჰყავდა - 3 ვაჟი და 2 გოგონა; იგი 1968 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზეთი "ფანტაზია" #191, 2000 წ
ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა 
ალექსანდრე ელერდაშვილმა