воскресенье, 16 августа 2015 г.

ჯეს უილარდი

Jess Willard

მეექვსე ჩემპიონი, 1915-1919 წლები

ჯეს უილარდი 1881 წლის 29 დეკემბერს დაიბადა კანზასის შტატში, მაირონ და მარგარეტ უილარდების ოჯახში. იგი ოთხ ძმას შორის უმცროსი იყო. მამამისი მის დაბადებამდე ორი თვით ადრე, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა სამოქალაქო ომში მიღებული ჭრილობების გამო, დედა კი 1891 წელს გაუთხოვდა და მეორე ქმრად ვინმე სტალკერი შეარჩია, რომელსაც ასევე ჰყავდა ბავშვების მთელი ქარავანი.
ჯესი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა გოლიათური აღნაგობით (მისი ძმები საშუალო ტანისანი იყვნენ). მსოფლიოს მომავალ ჩემპიონს ბავშვობიდანვე მოუწია მძიმე სამუშაოების შესრულება მამინაცვლის რანჩოზე; აქვე ეწვია მას პირველი სიყვარულიც, უფრო სწორად ცხენებით გატაცება, მაგრამ თავისი ვეება გაბარიტებისა გამო თავიდანვე დაემშვიდობა ოცნებას კოვბოიობაზე.
1908 წლის 13 მარტს ჯესი უილიარდი დაქორწინდა და სამუშაოს ძიებაში თავის ცოლთან ერთად აშშ-ს თითქმის მთელი დასავლეთი ნაწილი მოიარა. ერთხელ მან ლამის პოლიციელად დაიწყო სამსახური ოკლაჰომას შტატში, მაგრამ აქაც ბედმა უმტყუნა და ამასობაში პირველი შვილიც შეეძინა, რომელსაც ჭამა უნდოდა და... ასე მოხვდა ჯესი უილიარდი კრივის რინგზე.
* * *
ორი წლის განმავლობაში უილარდი ცირკში და მიწისქვეშა კრივის კლუბებში მხოლოდ ფულზე ჩხუბობდა; ეს ყველაფერი მას ძალიან მობეზრდა და ერთ მშვენიერ დღეს მატარებლის საერთო კლასის ბილეთი იყიდა კანზასში დასაბრუნებლად, მაგრამ მას სადგურზე დაეწია ძალზედ ცნობილი მენეჯერი ტომ ჯონსი და დაითანხმა ჯესი, რომ დარჩენილიყო. იმ დღიდან ჯესი, ასე თუ ისე, შეუდგა პროფესიული რინგისათვის ვარჯიშს და მას კრივის ანაბანის შესწავლა მოუხდა, რადგან მანამდე ამის არაფერი გაეგებოდა.
ჯესი სიმაღლით ორი მეტრი იყო და 114 კილოგრამს იწონიდა; მას მეტსახელად "კანზასელ მუხას" ეძახდნენ, ამასთანავე იგი ძალზედ ფლეგმატური და ყველაფრისადმი გულგრილად განწყობილი პიროვნება იყო. იმ დროს "თეთრი ამერიკა" გამალებით დაეძებდა კანდიდატს ბუმბერაზ ჯეკ ჯონსონთან შესარკინებლად. ამ ძიებას სათავეში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, კანადელი ტომი ბერნსი ედგა, რომელსაც ჯერაც ვერ მოენელებინა ჯონსონთან დამარცხება. მან მოკრივეთა მთელი გუნდი შეკრიბა, რომელთა შორის შავკანიანი ჩემპიონის მომავალი მეტოქე უნდა შერჩეულიყო. ამ გუნდში იყო ჯეს უილარდიც. 
ჯესმა მალე დაიწყო პროფესიონალთა რინგზე გამოსვლა და შეხვედრას შეხვედრაზე იგებდა. ასე მაგალითად, 1912 წელს მან უმოწყალოდ გალახა არტურ პელკი, ამას კიდევ რამდენიმე მატჩის მოგება მოჰყვა, ვიდრე კალიფორნიის შტატის ქალაქ ვერნონში შედგებოდა საბედისწერო ბრძოლა უილიარდსა და კოვბოი იანგს შორის. ეს უკანასკნელი გამოუცდელი და ცუდად მომზადებული მოკრივე იყო და ერთ წამს, დაკარგა რა კონტროლი დაცვაზე, უილარდისაგან საშინელი ძალის დარტყმა მიიღო და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა ჰოსპიტალში. ამ ამბავმა იმდენად შეაძრწუნა ჯესი, რომ საკუთარ თავს შეჰფიცა, რომ აღარასოდეს გამოსულიყო რინგზე; ამასთანავე, მაშინდელი წესების შესაბამისად, კანზასელი გოლიათი სამი წლით იქნა დისკვალიფიცირებული. მაგრამ აქ თავი იჩინა ტომ ჯონსმა, რომელმაც გამოამჟღავნა მთელი თავის უნარი და შესაძლებლობა და უილარდი დაიყოლია კრივში დაბრუნებაზე. ჯონსმა სხვა პრობლემაც მოაგვარა და "კრივის მამები" დაითანხმა დისკვალიფიკაციის მოხსნაზე.
ჯონსს მშვენივრად ესმოდა, რომ ასაკში გადამდგარ ჯესს დიდი პერსპექტივა აღარ ჰქონდა და დაბრუნებისთანავე უილარდი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მოკრივეს, ჯორჯ როდელს შეაჯახა. ბრძოლის დაწყების წინ როდელის მწვრთნელმა ვერაგული საქციელი ჩაიდინა, იგი მივიდა ჯესთან და უჩურჩულა: "როდელს გულის ავადმყოფობა სჭირს და ხომ გახსოვს, რაც დამართეო შენ იანგს..." გულუბრყვილო უილიარდმა დაიჯერა ეს და შეძრწუნებისაგან მუხლებიც კი აუკანკალდა და, რა თქმა უნდა, ისე წააგო მატჩი, რომ მეტოქისთვის ხელიც კი არ შებრუნებია. ალბათ, ყველაფერი ამით დამთავრდებოდა, მაგრამ როდელის მწვრთნელმა, იმის ნაცვლად, რომ ხმა გაეკმინდა, თავისი ჩაჩურჩულების ამბავი მეგაზეთეებს გაანდო, რითაც ჯესის იდიოტად წარმოჩენა და საკუთარ გონებამახვილობაზე წატრაბახება სურდა. ბებერი ჯესი საერთოდ ძნელად გამოდიოდა წონაწორობიდან, მაგრამ თუ გაცხარდებოდა, იგი აღარავის ინდობდა. ასე რომ, იმ მწვრთნელის უსინდისობამ ჯეს უილიარდი შურისმაძიებელ გიგანტად გადააქცია, როგორებსაც თანამედროვე "ბოევიკებში" თუ ნახავს კაცი. 
მალე დაიწყო მოლაპარაკებები მატჩ-რევანშის შესახებ, რაც კრივის მთელი სამყაროს მითქმა-მოთქმის და განსჯის საგანი გახდა. სიტუაცია კი იდეალური იყო, ანუ არსებობდა ვერაგობა, რასაც შურისძიების ჟინი უპირისპირდებოდა. ამასთანავე როდელი სამხრეთაფრიკელი ემიგრანტი იყო და თეთრი ამერიკელები წყურვილით კვდებოდნენ იმის მოლოდინში, თუ როგორ იზეიმებდა გამარჯვებას მათი ფავორიტი შავკანიან მოკრივეზე. ერთი სიტყვით, დიდი ჩოჩქოლი იყო ატეხილი, რასაც მსოფლიო ჩემპიონ ჯეკ ჯონსონის როყიოდ წამოსროლილი ფრაზაც ნავთივით გადაესხა ამ გაცეცხლებულ აჟიოტაჟს; ჯონსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უილარდ-როდელს შორის გამარჯვებულს იგი შეერკინებოდა. მართალია, ეს ფრაზა სერიოზულად არ იყო განცხადებული, მაგრამ მთელმა ამერიკამ მაინც ოფიციალურ გამოწვევად მიიღო.
უილარდ-როდელის ბრძოლა კი დიდხანს არ გაგრძელებულა, მე-6 რაუნდში ჯესმა მარჯვენა აპერკოტით ყველაფერი დაასრულა და სეკუნდანტებმა ისე გაათრიეს სამხრეთაფრიკელი რინგის კუთხისაკენ, რომ ათამდე დათვლაც არ უცლიათ რეფერისათვის. ასე გაიღო უილარდის წინაშე მსოფლიო ჩემპიონთან შერკინების კარი...
ორმა ვითარებამ შეუძლებელი შესაძლებლად აქცია. პირველი - თავდაჯერება და მეორე - ის უდარდელობა, რითაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი  ეპყრობოდა უილიარდს, როგორც მოკრივეს. ჯონსონი უილიარდს "ხორცის დიდ ნაჭერს" უწოდებდა და ყველას არწმუნებდა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე იოლი ორთაბრძოლა იქნებოდ: "მე ერთი რამ მევალება - ავიდე რინგზე და ერთი დარტყმით ძირს დავანარცხო ეს ტლანქი ხოჭო" - აცხადებდა ენამწარე ჯეკ ჯონსონი. თვით მატჩის წინაც არ შეუცვლია ჯონსონს თავისი ცხოვრების წესი და მზადებას ძალზედ გულგრილად ეპყრობოდა. უილარდის მენეჯერი კი ყველა ღონეს ხმარობდა, რათა ჯესი გაეღიზიანებინა, მას მოჰქონდა ყველა გაზეთი, სადაც ჯონსონის დამამცირებელი რეპლიკები ეწერა, მისი თანდასწრებით ზანგი ჩემპიონის მიმართ აღტაცებულ დითირამბებს არ იშურებდა და, ბოლოსდაბოლოს, ამით მართლაც რომ გამაოგნებელი ჟინი აღძრა ჩემპიონობის კანდიდატის სულიერ სამყაროში.
მატჩის დასაწყისი ჯონსონის უპირატესობით წარიმართა; პირველ ორ რაუნდში იგი მხნედ გამოიყურებოდა და არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ თავის საოცნებო ტიტულს არავის დაუთმობდა. ჯონსონი არ შემკრთალა არც იმის გამო, რომ მისი მოწინააღმდეგე ძალზედ ათლეტურად გამოიყურებოდა, მიუხედავად 108 კილოგრამი წონისა, მაშინ, როცა მისი 102 კილოგრამი მხოლოდ ჭარბ სიმსუქნეზე მეტყველებდა. ნამდვილმა სპეციალისტებმა კი უმალ შენიშნეს, რომ ჯონსონის დარტყმებში უკვე აღარ იგრძნობოდა ადრინდელი ძალა, თუმცა თავად ჩემპიონს წარმოდგენაც კი არ შეეძლო იმისა, რომ სულ მალე არხეინი და თავქეიფა ცხოვრება შედეგად ტიტულის დაკარგვას მოუტანდა. მესამე რაუნდში, როცა ჯონსონმა, მისი აზრით, მომაკვდინებელი დარტყმები მიაყენა უილარდს, გაირკვა, რომ ეს დარტყმები ჯესისთვის მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებები იყო და სხვა არაფერი. ასე რომ, თავად ჯონსონიც მიხვდა, რომ საქმე წაუხდა და თვალებში შიში ჩაუდგა. მისმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ უკარნახა, რომ მოცდა სჯობდა იმ ერთ დარტყმამდე, რომელიც ბრძოლას წამიერად მოაგებინებდა, მაგრამ ასეთი ტაქტიკა განაირობებდა უპირატესობის გადასვლას მოწინააღმდეგის ხელში და ასეც მოხდა - აშკარად გამოჩნდა უილარდის არაადამიანური ძალა, რასაც კრივის საკმაოდ კარგად ათვისებული საიდუმლოებანიც დამატებოდა. ჯონსონმა ერთი-ორჯერ სცადა სანოკაუტო დარტყმა განეხორციელებინა, მაგრამ "კანზასელი მუხა" იმდენად მყარად იდგა ფეხზე, რომ ოხუნჯ შავკანიან ჩემპიონს სხვა აღარაფერი დარჩენოდა გარდა დამარცხებასთან შეგუებისა. ჯონსონმა ერთ-ერთი შესვენებისას თავის სეკუნდანტს ისიც კი უბრძანა, რომ დარბაზიდან გაეყვანათ მისი ცოლი, რათა მთლად დასისხლიანებული და დაუძლურებული ქმრისათვის აღარ ეყურებინა. ცოლმა კი გასვლა არ ინება და საკუთარი თვალით უმზერდა იმას, თუ რა სისასტიკით სჯიდა პრეტენდენტი სიამაყედაკარგულ ჩემპიონს. 26-ე რაუნდში უილარდი მიხვდა, რომ ანგარისწორების დრო დადგა; იგი ერთხანს მანევრირებდა რინგზე და უკანასკნელი დარტყმისათვის შესაფერის ადგილს ეძება... ეს ადგილიც მოიძებნა და ჯონსონმა ნიკაპზე უძლიერესი დარტყმა იგრძნო... იგი რინგზე უგონოდ დაეცა! მას წამოდგომა არც კი უცდია, რადგან, როგორც მოგვიანებით განაცხადა - რომ წამომდგარიყო, უილარდი მას სასიკვდილო დარტყმას მიაყენებდა... 
* * *
მომდევნო წელს ჯესმა რამოდენიმეჯერ დაიცვა თავისი ტიტული არცთუ ძლიერ მოკრივეებთან ჭიდილში, 1919 წლის 4 ივლისს კი თავად მოხვდა ნოკაუტში პროფესიული რინგის ახალი ამომავალი ვარსკვლავის, 24 წლის ჯეკ დემპსის უძლიერესი დარტყმის შედეგად... 
* * * 
ჯეს უილარდი 1926 წლამდე განაგრძობდა რინგზე გამოსვლას, შემდეგ რამოდენიმე კინოფილმშიც გადაიღეს; მას ხუთი შვილი ჰყავდა - 3 ვაჟი და 2 გოგონა; იგი 1968 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზეთი "ფანტაზია" #191, 2000 წ
ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა 
ალექსანდრე ელერდაშვილმა

четверг, 11 сентября 2014 г.

მუჰამედ ალი

უიშვიათესი შავი პეპელა თეთრ კვადრატზე


Muhammad Ali

(ნამდვილი სახელი -
კასიუს მარცელუს კლეი
Cassius Marcellus Clay)

დაიბადა 1942 წლის 17 იანვარს აშშ-ს კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში.

- წონა - 97 კგ, სიმაღლე - 192 სმ.
- 1960 წელს რომის XVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ქვემძიმე წონაში.
- პროფესიულ რინგზე ჩაატარა 61 ორთაბრძოლა - 56 გამარჯვება (მათ შორის 37 ნოკაუტით).
- პირველი მარცხი რინგზე მხოლოდ 1971 წელს იწვნია ჯო ფრეზერისგან.
- სულ რინგზე 25 სატიტულო მატჩი გამართა.
- მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონის პროფესიონალ მოკრივეთა შორის 1964-67, 1974-78 წლებში.
- პროფესიულ რინგზე 21 წელი გაატარა.
- 1981 წელს სპორტს პარკინსონის ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა.


ეს იყო უცნაური და ამავე დროს უმშვენიერესი ქმნილება დედა-ბუნებისა - ბავშვი, რომელიც 1942 წლის 17 იანვარს კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში მოევლინა ქვეყნიერებას. მას კასიუს კლეი უწოდეს!
ყმაწვილობიდანვე დასჩემდა კვეხნა-ტრაბახი, რაც სულ მალე სინამდვილედ აქცია - "ვფარფატებ, როგორც პეპელა, და ვჩხვლეტ, როგორც ფუტკარი" - ასე თავადვე განსაზღვრა მომავალმა მუჰამედ ალიმ საკუთარი სტილი.
იგი ისეთივე ფანტასტიური ფიგურაა კრივისათვის, როგორც პელე ან ფიშერი თავის სახეობებში. 

...კასიუს კლეის პირველი მწვრთნელი ანჟელო დანდი იყო, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს თავად კლეიმ დაურეკა და უთხრა, რომ ორი წლის შემდეგ ოლიმპიური ჩეპიონი გახდებოდა, შემდეგ კი მთელი მსოფლიოს მოკრივეებს დაამარცხებდა. მრავლისმნახველ დანდის ამგვარი ტრაბახი ბევრჯერ მოესმინა, მაგრამ ამჯერად რაღაც გუმანმა უკარნახა, რომ ეს 16 წლის ყმაწვილი სიმართლეს ლაპარაკობდა. კასიუსმა კრივის დარბაზში რომ შედგა ფეხი, მისმა ათლეტურმა აღნაგობამ ყველაზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება იქონია, მაესტრო ანჟელოს კი კვლავ გუმანმა უკარნახა, რომ იგი თავისი ცხოვრების უმთავარეს მოკრივეს შეხვდა.
...არსებობს ასეთი ჟურნალისტური ხერხი: დიდი ადამიანის ცხოვრების აღწერისას მისი ბავშვობის წლებს აუცილებლად მუქ ფერებში ხატავენ. კასიუს კლეის შემთხვევაში კი ყველაფერი ჩვეულებრივად წარიმართა; მისი მშობლები სავსებით ნორმალური ინტელიგენტები იყვნენ, ისინი შვილს თავიდანვე ასწავლიდნენ და აჩვევდნენ ლიტერატურის, ხელოვნების და ზოგადად მშვენიერების სიყვარულს. წარმოუდგენელია, გენიალურ ბავშვს მშობლების აღზრდა რომ არ გაეზიარებინა, უბრალოდ თავად კასი (...როგორც მშობლები ეძახდნენ მოფერებით) აღმოჩნდა კინკლაობის და მეტისმეტი ტრაბახის მოყვარული.
...ერთხელ ვიღაც პოლიციელმა (ძველმა მოკრივემ) უთხრა ეზო-უბნის ყოყლოჩინას, რომ წარმატებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებოდა ფიქრი, თუ ფეხების სისწრაფეს გამოიმუშავებდა. ეს დღე იყო და 12 წლის კასიმ მთელ ეზოში ქვების გროვა დაახვავა, დილდილობით თავის უმცროს ძმას ქვებთან დააყენებდა ხოლმე, თავად კი მოშორებით დგებოდა და ცდილობდა ძმის ნასროლი არცერთი "ჭურვი" არ მოხვედროდა. მართალია, ერთხანს სახედალურჯებული დადიოდა, მაგრამ თანდათან სულ უფრო მეტი წარმატებით იცდენდა ქვებს და ბოლოს მიაღწია იმას, რომ... პროფესიულ რინგზე პრაქტიკულად არცერთი სერიოზული დარტყმა არ მიუღია და, სხვა მოკრივეებისაგან განსხვავებით, სახე ისეთივე დაუზიანებელი შეინარჩუნა, როგორიც მისმა ლამაზმა მშობლებმა შეუქმნეს.
...ყველა უცნაურობასთან ერთად კასიუსს ერთი სხვაც დაანათლა ბუნებამ, რაც ექიმებს პირღიებს ტოვებდა - მისი პულსი მხოლოდ 55-56 დარტყმას ასრულებდა წუთში, თუმცა საკმარისი იყო მცირედი აღელვება და ეს რიცხვი 120-მდე აღწევდა, სისხლის წნევა კი მაქსიმალურად კრიტიკულს უახლოვდებოდა. ანჟელო დანდის დარბაზში პირველი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ასეთი შეუსაბამობების მხილველმა ექიმმა მწვრთნელს კატეგორიულად მოსთხოვა ნავარჯიშები ყმაწვილი ჰოსპიტალში წაეყვანა...
- რა ვქნათ, შვილი? - ჰკითხა მაშინ ანჟელო დანდიმ.
- მაგას ყურს ნუ უგდებთ, სერ, ჯობს ისევ დარბაზში დავბრუნდეთ, დღეს კარგად ვერ ვივარჯიშე! - სრულიად საკუთარ სტილში დაამშვიდა კასიუსმა შეცბუნებული მწვრთნელი.
... 1959 წელს 17 წლის კასიუს კლეიმ ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა და აშშ-ს ნაკრების შემადგენლობაში რომის ოლიმპიადაზე გაემგზავრა. მითქმა-მოთქმა გასაოცარი ყმაწვილის შესახებ მთელ მსოფლიოს მოედო (...სწორედ იმ წლებში მსოფლიოს სპორტული საზოგადოებრიობა პელეზე და ფიშერზეც იგივეს ლაპარაკობდა). კასიუს კლეის ნიჭიერება იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მისი მშობლიური ქალაქის 11-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა უზარმაზარი თანხა შეაგროვეს და თავის სახელოვან თანაქალაქელს საზეიმოდ გადასცეს და არცერთ მილიონერს ეჭვიც კი შეჰპარვია, რომ მათ მიერ "საქმეში" ჩადებული ფული უაზროდ გაიფლანგებოდა.

ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ნიშნავდა იმას, რომ მოკრივე ოფიციალურად იყო შეყვანილი აბსოლუტური ჩემპიონობის მაძიებელ 10 კანდიდატს შორის. მართალია, კლეის ფენომენალური მიღწევები დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა პუბლიკაზე, მაგრამ მისი კონკურენტები ამ "ლაწირაკს" ყურადღების ღირსად არ თვლიდნენ და სატიტულო ბრძოლაზე არავინ თანხმდებოდა მას. სხვა გზა აღარ ჰქონდა კასიუსს და მან თავის თვისებათაგან ის გამოიყენა, რასაც მას ყველა და ყოველთვის ნაკლად უთვლიდა; მან სახალხოდ დაიწყო ტრაბახი და რისხვა ყველაზე მეტად მაშინდელ უძლიერეს მოკრივეს, სონი ლისტონს დაატეხა, რომელსაც "ბრიყვ გორილად" მოიხსენიებდა და მთელი მსოფლიოს რეპორტიორების თვალწინ ახდენდა იმ დარტყმის დემონსტრირებას, რითაც ჯერ ნოკაუტში ჩააგდებდა "გორილას", შემდეგ კი კუბოს ფიცარსაც დაუჭედავდა.
კასიუს კლეის კვეხნასა და თავმომწონებას საზღვარი არ უჩანდა. კრივის სამყარო გაკვირვებული უმზერდა ამ თავშვებულ კამპანიას და მკვეხარას პრეტენზიებს ნელინელ სერიოზულად აღიქვამდა, თუმცა ახლადწამოჩიტულ პრეტენდენტს, გარდა პოპულარობისა, ერთხანს ანეკდოტების გმირის როლში ყოფნაც მოუხდა.

სონი ლისტონი კი ყველაფერს ამას არაფრად ადებდა და თავის საქმეს იმდენად კარგად აკეთებდა რომ 1962 წელს მსოფლიო ჩემპიონიც კი გახდა. რა უნდა დაეშავებინა მისთვის ამ ცხვირმოუხოცავ ბაქიას? განა ღირდა მასზე ფიქრი? თვით ის ფაქტიც კი, რომ კასიუსმა იმ დროის უდიდესი მოკრივე არჩი მური დასცა ძირს, ლისტონისათვის არავითარ ხიფათს არ მოასწავებდა (...როგორც მას ეგონა!). ასე იყო თუ ისე, 1964 წელს "გორილა" და "ბიჭუნა" ერთმანეთის წინაშე დადგნენ! შედეგი, მართალია, მაშინ მოულოდნელად აღიქვეს, მაგრამ ახლა აღარავის აქვს ეჭვი იმისა - უნდა გაემარჯვა თუ არა 22 წლის ახალგაზრდას უმაღლეს სატიტულო ბრძოლაში. უნდა გაემარჯვა და გაიმარჯვა კიდეც!
ასე დაიწყო კასიუს კლეის ლეგენდა, თუმცა არა - უკვე მუჰამედ ალისა, რადგან ჩემპიონობის მოპოვებისთანავე იგი რომელიღაც მუსლიმანურ სექტას დაუკავშირდა და რწმენაც და სახელიც ერთად შეიცვალა. ლეგენდის პარალელურად იქმნებოდა იმიჯიც იმ სკანდალური პიროვნებისა, რომელმაც იმ დღიდან თითქმის ათი წლის განმავლობაში მშვიდი ცხოვრების უფლება წაართვა კრივის სამყაროს მამებს. აწ უკვე მუჰამედ ალი არაფრით არ ემორჩილებოდა ნაირგვარი ფედერაციების გადაწყვეტილებებს და აცხადებდა, რომ სატიტულო ბრძოლას გამართავდა მხოლოდ სონი ლისტონთან, თუკი ეს უკანასკნელი მატჩ-რევანშის გამართვას ისურვებდა. კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა ბობ ევანსმა  სხვა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, ალის ოფიციალური ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა და 1965 წელს ამ ტიტულისათვის ყველასათვის უცნობი ორმეტრიანი გიგანტი ერნი ტარელი ედი მაჩენს შეახვედრა. ტარელმა გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მას მიენიჭა, უფრო სწორად იგი "დანიშნეს" მსოფლიოს ჩემპიონად, რადგან სპორტული სამყაროც და თავად მუჰამედ ალიც ყოველივე ამას მეტისმეტი გულგრილობით აღიქვამდა. საინტერესო არაფერი მომხდარა - კრივის ფედერაცია ორად გაიყო, ხალხის სიმპატია ალის მხარეზე დარჩა, თავად ალიმ კი საშინელი ბოღმა ჩაიდო ამ "დანიშნული ჩემპიონის" მიმართ.
ამის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში მუჰამედ ალი ზედიზედ ამარცხებდა ყველას, ვინც მასთან ბრძლის სურვილს გამოთქვამდა (იმავე სონი ლისტონს, ძველ ჩემპიონს, ფლოიდ პატერსონს, კანადელ ჯორჯ ჩუვალოს და სხვებს). დადგა 1967 წლის 6 თებერვალი და ჰიუსტონში, როგორც იქნა, კრივის ფედრაციამ თავისი ჩემპიონი ერნი ტარელი დაუპირისპირა მუჰამედ ალის და შედეგად... "კოტლეტი" მიიღო, რადგან, როგორც ითქვა, მის მიმართ ალის საშინელი ბოღმა უბურღავდა გულს. ალის შეეძლო ორიოდე რაუნდში მოეღო მოწინააღმდეგისათვის ბოლო, მაგრამ მთელი 15 რაუნდი აწამა იგი და სულ უკანასკნელ წუთს გაგზავნა ნოკაუტში.
ალიმ მატჩი მოიგო და სხვა პრობლემა დადგა მისი ცხოვრების დღის წესრიგში, რაშიც, გარდა მისი გონიერებისა, უზარმაზარი ჰუმანური სულისკვეთებაც გამოვლინდა: იმხანად აშშ ომს აწარმოებდა ვიეტნამში და ჯარში გაწვეულმა მუჰამედ ალიმ მტკიცე უარი განაცხადა ფიცის მიღებაზე და საერთოდ სამხედრო ფორმის ჩაცმაზე. შექმნილ სკანდალურ ვითარებაში მან იუმორის გრძნობაც კარგად მოიხმარა და უმაღლესი სამხედრო-ფსიქიატრიული კომისიის წინაშე ისე მოიდებილა თავი, რომ შექსპირი აშშ-ს პირველ პრეზიდენტად მონათლა, ქალაქ სიდნეის კი ადგილმდებარეობად კანადა განუსაზღვრა...
...მუჰამედ ალი ვიეტნამში საომრად არ წავიდა!


დიახ, მოჰამედ ალიმ ვიეტნამში წასვლაზე უარი განაცხადა და ეს უკვე სახელმწიფოებრივი სკანდალი იყო. მას მეორედ ჩამოერთვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, უფრო მეტიც - მიესაჯა 5 წლით პატიმრობა და 10 000 დოლარი ჯარიმა.

ბელადი

სხვათა შორის, ალის უყვარდა სკანდალები და კურიოზები. ასე მაგალითად, 1978 წელს, გაგანია "ცივი ომის" დროს, იგი საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა, რასაც კომუნისტები მიესალმნენ კიდეც და საკუთარ იდეოლოგიურ გამარჯვებად ჩათვალეს. ჩამოსვლის მეორე დღეს, დილის 5 საათზე ალი ადგა და სასტუმრო "მეტროპოლიდან" გარბენი მოაწყო, რაც წითელ მოედანზე დასრულდა. აქ მან მავზოლეუმს შემოურბინა და საპატიო ყარაულის ცვლას რომ მოჰკრა თვალი, შეჩერდა და უნებლიედ და ჩვეულად მუშტებმომარჯვებული დაუწყო თვალთვალი ამ პროცესს. КГБ-ს შესაბამის განყიფილებაში კი უმალ ატყდა განგაში - ვიღაც პირქუში, ნახევრადშიშველი და მუშტებმოღერილი ზანგი ჩვენი ბელადის გატაცებას ცდილობსო... ეს უკვე "საბჭოური სკანდალი" გახლდათ, რაც... ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევთან ვიზიტით დასრულდა. ბელადმა იგი "მცირე მიწით" და სამახსოვრო საათით დაასაჩუქრა და ამის შემდეგ დაიწყო მოჰამედ ალის ტურნე საბჭოთა კავშირში. იყო ასეთი კურიოზიც: ტაშკენტში სტუმრობისას ალის მეუღლე უმშვენიერესი ქალი, ვერონიკა, ყოველი სადილის შემდეგ მაგიდაზე არსებულ ვერცხლის დანა-ჩანგალს აგროვებდა და ჩანთაში ილაგებდა. საბრალო უზბეკები ხმას ვერ იღებდნენ და ყოველ წვეულებაზე უფრო მეტ ვერცხლეულს ალაგებდნენ... ვერონიკა კი აუღელვებლად აგროვებდა ამ საგნებს. ამ ქალს უბრალოდ ასეთი ბუნება ჰქონდა - უნდა გაეძარცვა ყველაფერი და მან არც ალი დაინდო, როცა მოგვიანებით გაყრის პროცესი ისე ოსტატურად ჩაატარა, რომ სახელოვანი მოკრივე უკაპიკოდ დატოვა, ამგვარი ხვედრით კი არაერთი ამერიკელი დაუჯილდოებიათ "შესაბამისი ზნეობით" აღზრდილ ამერიკელ ლამაზმანებს.
მოჰამედ ალიმ საბჭოეთი მოინახულა, მისი დიდი მეგობარიც შეიქნა, მაგრამ ეს იდილია მალე დასრულდა, რადგან კომუნისტებმა ავღანეთის დაპყრობა განიზრახეს, ომი და აგრესია კი არაფრით ეწერებოდა გენიალური მოკრივის მსოფლმხედველობაში.
* * *
...როგორც ითქვა, მოჰამედ ალიმ 25 სატიტულო მატჩი გამართა მსოფლიო ჩემპიონობისათვის და ამ შედეგით მხოლოდ ჯო ლუისს ჩამორჩა ერთი ერთეულით. პირველი მარცხი კი მან 1971 წელს იწვნია ჯო ფრეზერისაგან, რომელსაც აშკარად გამოკვეთილი სტილის გამო "შავ მარჩიანოს" უწოდებდნენ.
ალისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ფრეზერი იამაიკაში ჩავიდა და მომავალ პასტორს, ჯორჯ ფორმენს შეხვდა. ამ უკანასკნელმა კი საშინლად "იძია შური" ჯო ფრეზერზე და მთელი სპორტული სამყარო მოემზადა ფორმენ-ალის მატჩისათვის.
კინშასა. მატჩი 1974 წლის 30 სექტემბერს ზაირის დედაქალაქ კინშასაში გაიმართა. ამ ქვეყნის ბინადარნი დღემდე აღმერთებენ მუჰამედ ალის, რომელმაც თავად აირჩია ეს ქვეყანა და ამ პატარა აფრიკულ სახელმწიფოს განუმეორებელი ზეიმი აჩუქა.      
შვიდი რაუნდის განმავლობაში ალის ლოგიკურ შედეგამდე მიჰყავდა ორთაბრძოლა. ფორმენმა ერთი დარტყმაც ვერ განახორციელა და მერვე რაუნდის შუაში დადგა ის მომენტი, რამაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა მსოფლიოს, რომ მუჰამედ ალის მსგავსი მოკრივე მას არასოდეს  ჰყოლია.  "პეპელამ" ცრუ მოძრაობა გააკეთა, წამით მოადუნა მოწინააღმდეგის ყურადღება და უცებ ისეთი ძალით დაარტყა, რომ ფორმენი უგონოდ დაეცა რინგზე... მოგვიანებით, 42 წლის ასაკში ფორმენი რინგს დაუბრუნდა და არაერთი დიდი სპორტსმენი დაამარცხა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი საოცარი ძალისა და უნარის მოკრივე გახლდათ...  ხოლო როგორი ძალისა და უნარის მოკრივე იყო მუჰამედ ალი, თავად წარმოდგინეთ.

ჯო ფრეზერი 

1975 წლის 1 ოქტომბერს გენიალურ მოკრივეს მორიგი გამოცდა ელოდა. ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ალის ჯო ფრეზერი ელოდა. მაშინ ალი 33 წლის იყო და რაღაც ნაწილი სისწრაფისა და გამძლეობისა უკვე დაკარგული ჰქონდა. ეს მშვენივრად იცოდა ფრეზერმა და მან მთავარ მიზნად თხუთმეტივე რაუნდის გაძლება და უკანასკნელ წამს დამაგვირგვინებელი დარტყმა დაისახა. 
ალიმ კი მისთვის უჩვეულო, პასიური სტილი აირჩია და, როგორც გაირკვა, სწორედ ეს იყო წინასწარი სცენარი და არა ფრეზერის მიერ დამუშავებული გეგმა. 10 რაუნდის განმავლობაში იგი უძლებდა~ რკინისკუნთებიან ფრეზერს, რამოდენიმეჯერ რინგის კუთხეშიაც კი მიიყუჟა და სახე ხელთათმანებით დაიფარა. ყველა გაოცებით შესცქეროდა უინიციატივო "ბებერ ლომს", რომელიც მხოლოდ თავდაცვაზე ზრუნავდა და ჩვეულ აგრესიულობას არ იჩენდა, თუმცა ყოველი "ბლოკადის" დასრულების შემდეგ იგი მაინც ახერხებდა ერთი ზუსტი დარტყმის განხორციელებას. მე-11 რაუნდიდან კი ალის უზარმაზარი გამოცდილების შედეგად გამომუშვებულმა ინტუიციამ უკარნახა, რომ შეტევაზე გადასვლის დრო დადგა და იერიშებიც დაიწყო. ორი რაუნდის განმავლობაში სპეციელისტები და მაყურებლები ყოველ წამს ელოდნენ, რომ ფრეზერი რინგზე დაეცემოდა, მაგრამ იგი უძლებდა და... მე-13 რაუნდის დასრულებისას გონგის ხმა რომ გაისმა, გაირკვა, რომ ფრეზერეს უბრალოდ აღარ შეეძლო მატჩის გაგრძელება, ამის შესახებ მსაჯს მოკრივის მწვრთნელმა და ექიმმა აცნობეს.
ეს იყო დიადი ბრძოლა!.. 
ალბათ, ყველაზე დიდი, რაც კი პროფესიულ რინგზე გამართულა! 
ეს ბრძოლა საეტაპო აღმოჩნდა ორივე სპორტსმენისათვის: ფრეზერმა საერთოდ შეწყვიტა ფიქრი ჩემპიონობის დაბრუნებაზე, ალიმ კი სპორტული ტიტულების მონაგარი დასრულებულად ჩათვალა და პრაქტიკულად აღარ აქცევდა ყურადღებას საკუთარი ჩემპიონობის ფენომენს, რის შედეგადაც 10-რაუნდიან მატჩში ადვილად დათმო ჩემპიონობა ლარი ჰოლმსთან გამართულ პაექრობაში.
* * *
"მიმქრალი ვარსკვლავების" ბედი , როგორც წესი, ნაკლებად აინტერესებს ხოლმე პუბლიკას, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით მუჰამედ ალის თაობაზე, რომლის შესახებ არასოდეს შეწყვეტილა მითქმა-მოთქმა და რომლის ცხოვრება კვლავაც განუზომელ ინტერესს იწვევს.

პარკინსონი

მუჰამედ ალი ორმოცი წლისაც არ იყო, როცა მას საშინელი სენი - პარკინსონის დაავადება შეეყარა ყველა თავისი დამამცირებელი სიმპტომით. ოდესღაც რკინასავით შეკრულ ალის დაეწყო ხელების კანკალი, სწორი ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდა და ვეღარც ნორმალურ მეტყველებას ახერხებდა. გარეგნულად იგი გონება დაქვეითებულს ჰგავს, თუმცა მხოლოდ გარეგნულად, რადგან ეს სენი გონებაზე არ მოქმედებს. 
ასე დადგა მუჰამედ ალის ცხოვრებაში ძნელი, უფრო სწორად გაუსაძლისი ხანა. ბუნებრივია, პირადი ცხოვრებაც აეწეწა და სამივე ცოლმა, ერთიომეორეზე უარესმა და უმშვენიერესმა მტაცებელმა ქალებმა, ერთმანეთის მონაცველობით გაძარცვეს დიდი მოკრივე და სანაცვლოდ რვა შვილი დაუტოვეს. ასე რომ რამოდენიმე წლის განმავლობაში იგი მარტოსულ, პრაქტიკულად ღატაკურ ცხოვრებას ეწეოდა. 

ლონი 

ალი მშობლიურ ლუისვილში დაბრუნდა და სწორედ აქ პოვა საკუთარი ბედი და ბედნიერება ლონის სახით. ეს ქალი მასზე თხუთმეტი წლით უმცროსი იყო და კლეის ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, ლონის ალი არასოდეს არანაირ ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ამ "შავკანიან კონკიას" თურმე შვიდი წლის ასაკში უთქვამს მშობლებისთვის, რომ თუკი ოდესმე გათხოვდებოდა, მხოლოდ მუჰამედ ალის გაჰყვებოდა ცოლად და მან ეს მიზანი სინამდვილედ აქცია. აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ ქალს დაეძებდა მთელი ცხოვრების მანძილზე უკვე ლეგენდად ქცეული მუჰამედ ალი. ლონიმ, გარდა დედობრივი ინსტინქტისა, დიასახლისობის და საქმის ცოდნის დიდი უნარი გამოავლინა და ფინანსურად გაკოტრებულ მეუღლეს კვლავ მოათქმევინა სული.

ახლა ისინი მიჩიგანის შტატში ცხოვრობენ, აქვთ 30 ჰექტარის რანჩო. ჰყავთ ექვსი წლის შვილობილი ასადი, რომელიც რაღაც იდუმალი ძალის გამოისობით ზედგამოჭრილი მუჰამედ ალია და სულ უფრო ემგვანება მას. თავად მოკრივე ხშირად მართავს საჯარო გამოსვლებს და ყოველ ასეთ ღონისძიებაში 150-200 ათას დოლარს უხდიან. ალი ხშირად დადის საქველმოქმედო საღამოებზე, ბავშვთა საავადმყოფოებში და პარკინსონის სენით დაავადებულთა ეროვნულ ფონდში. მისთვის მთავარი ისაა, რომ ავადმყოფობას არ ნებდება, რომ მისი ინტელექტი კვლავაც იდეალურ მდგომარეობაშია. ამიტომაც ახლახანს იგი მრისხანებით აღივსო, როცა ერთმა თავხედმა რეპორტიორმა ინტერვიუ მაგნიტოფირზე ჩაწერა, რათა ხალხისთვის მუჰამედი ალის პიროვნული დეგრადაციის ამბავი ეუწყებინა. არადა, ვისაც ამ ფენომენალურ პიროვნებასთან აქვს ურთიერთობა, ადასტურებს, რომ ალი კვლავაც სიცოცხლითა და იუმორით სავსე მოაზროვნე კაცია.


* * *
ზოგჯერ მას სთხოვენ ხოლმე, ძველი სახე დაიბრუნოს და "მოფარფატე პეპელად" იქცეს და ასეთ შემთხვევებში ხდება სასწაული - რაღაც წამით მისი სხეული ერევა ავადმყოფობას, ხელები და ფეხები ძველებური სიმსუბუქით მოძრაობს, თვალებში კი მუქარით აღსავსე ნაპერწკლები უელავს, მაგრამ ორიოდე წამში იგი კვლავ უძლურად ეშვება ინვალიდის სავარძელში...

ატლანტის ოლიმპიადაზე მუჰამედ ალის უზარმაზარი პატივი დასდეს, მას აკანკალებულ ხელში მოგიზგიზე ოლიმპიური ცეცხლი გადასცეს და მანაც ააბრიალა ეს უდიადესი ფენომენი სპორტული ცხოვრებისა.
...ამ სანახაობამ მილიონობით ადამიანის თვალში სიბრალულისა და აღტაცების ცრემლი ააციაგა!...


გაზეთი "ფანტაზია" #239-240, 2001 წ
ინტერნეტის მასალების მიხედვით მოამზადა 
ალექსანდრე ელერდაშვილმა